აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეხმარებოდა უკრაინელ სამხედროებს მომზადებულიყვნენ მიმდინარე კონტრშეტევისთვის. იტყობინება ტელეარხი CNN-ი ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ტელეარხის ცნობით, კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად, აშშ-მა დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნები კონკრეტულ შეიარაღებასთან დაკავშირებით.
როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, უკრაინამ აშშ-ს სთხოვა იარაღი, რომელიც შეესიტყვებოდა მათ მიერ დაგეგმილ კონტრშეტევას უკრაინის სამხრეთში.
აშშ-ის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა და მიაწოდა დამატებითი შეიარაღება, მათ შორის, დამატებითი საბრძოლო მასალა, არტილერია და ჯაველინები.
ტელეარხის ცნობით, სამხედრო დახმარების ამ პაკეტების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა უცნობი რჩებოდა ის, რომ ეს იარაღი სპეციალურად მიმდინარე კონტრშეტევისთვის იყო განკუთვნილი.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი მუდმივად ესაუბრებოდნენ უკრაინელ კოლეგებს, რათა დაედგინათ, რა კონკრეტული იარაღი სჭირდებოდა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი მიზნებიდან გამომდინარე.