უკრაინის სარდლობა ყირიმის მაცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ავითარებს - იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ "ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Twitter-ზე განაცხადა.
"აშკარაა, რომ უკრაინისთვის მოქალაქეების სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია", - წერს ის და ყირიმელებს სთხოვს, თავი აარიდონ სამხედრო ობიექტებს და შეამოწმონ თავშესაფრები.
კონკრეტულად რას გულისხმობს პოდოლიაკი "აქტიურ დეოკუპაციაში" უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინის ჯარების მოსალოდნელ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთში, რომლის მიზანია 2014 წელს მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის კიევის კონტროლის ქვეშ დაბრუნება.