რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ხომალდ SPARTA II-დან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (С-300) ჩამოტვირთვა მიმდინარეობს.
ხომალდმა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებად კომპანია Oboronlogistics-ს ეკუთვნის, რუსულ პორტში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები სირიიდან ჩაიტანა.
ხომალდმა სირიის პორტიდან რუსულ პორტამდე მოსახვედრად, თურქეთის თანხმობით, ბოსფორის სრუტე გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს თურქეთის ელჩი.
თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა ხომალდიდან საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადმოტვირთვის პროცესი ასახა.
სატელიტური ფოტოებით გახდა ცნობილი ისიც, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები სირიის ჰამის პროვინციის ქალაქ მასიაფის ტერიტორიიდან გაიტანეს.
ეს დანადგარები რუსეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს 2018 წელს გადასცა.