ჩინეთთან მოსალოდნელი დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ტაივანს 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღით მიაწოდოს.
Politico-ს ცნობით, თანხმობის მისაღებად ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკვე მიმართა.
როგორც იუწყებიან, შეიარაღების პაკეტი მოიცავს 60 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას და 100 ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტას.
გამოცემის თანახმად, აქცენტი გაკეთდება ტაივანის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებასა და უკვე დადებული კონტრაქტების განხორციელებაზე, და არა ტაიპეის სამხედრო დახმარების გაძლიერებაზე, რათა არ მოხდეს პეკინთან ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავების პროვოცირება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
აგვისტოს დასაწყისში, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის ფონზე, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პელოსის ტაივანში ვიზიტს და ამას ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებდა. ამის შემდეგ, ვიზიტის პასუხად, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო.
ჩინეთის სამხედრო წვრთნების პასუხად, გასულ კვირას, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ორმა კრეისერმა ტაივანის სრუტეში გაიარა.
პეკინი ტაივანს ჩინეთის სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მასთან ოფიციალურ კონტაქტებს და საჭიროების შემთხვევაში იმუქრება, რომ მას ისევ თავის კონტროლის ქვეშ დააბრუნებს.