შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson-ი წლის ბოლომდე რუსეთში საქმიანობას შეაჩერებს. იტყობინება გაზეთი "კომერსანტი".
გაზეთის თანახმად, Ericsson-ის სათაო ოფისმა 22 აგვისტოს აცნობა რუსეთის წარმომადგენლობას მოსალოდნელი დახურვის თაობაზე.
შვედურმა კომპანიამ "კომერსანტს" დაუდასტურა, რომ "მომხმარებლის წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში", კომპანია ეტაპობრივად შეაჩერებს თავის საქმიანობას რუსეთში უახლოეს თვეებში.
ამასთან, Ericsson-ი შეამცირებს ყველა თანამშრომელს, თუმცა "ფინანსურ და სოციალურ მხარდაჭერას ჰპირდება".
"კომერსანტის" წყაროების თქმით, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სფეროს ტოპ-მენეჯერები არიან, შესაძლოა, Ericsson-მა ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი გამოყოს ახალ კომპანიად, რომლის დამფუძნებლები რუსი ტოპმენეჯერები იქნებიან.
Ericsson-მა რუსეთში წარმომადგენლობა 1994 წელს გახსნა. რუსეთის წარმომადგენლობაში 565 თანამშრომელი მუშაობს.
კომერსანტის მონაცემებით, Ericsson-ის წილი რუსეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაახლოებით 20 პროცენტია.
2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში, 1000-ზე მეტმა, ძირითადად დასავლურმა კომპანიამ, დატოვა რუსული ბაზარი კიევის სოლიდარობის ნიშნად.