გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბერლინის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ამავდროულად, ბერბოკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კონფლიქტი "შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს".
"სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე შეიარაღება კვლავ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან", - განუცხადა მან გაზეთ Bild am Sonntag-ს.
"უკრაინა ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებასა და მშვიდობას. ჩვენ მათ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას ვუწევთ და ასე გაგრძელდება მანამ საჭირო იქნება. წერტილი", - დასძინა მან.
ბერბოკის თქმით, პუტინი ილუზიაში იყო, როდესაც ეგონა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში დაეცემოდა.
ამავე დროს, ბერბოკმა ყირიმის უკანონო ანექსიაზეც ისაუბრა.
"ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. მსოფლიოს არასოდეს უღიარებია 2014 წლის ანექსია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა", - თქვა მან.
ბერბოკმა ასევე კატეგორიულად უარყო ზოგიერთი პოლიტიკოსის მოთხოვნა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ამოქმედების შესახებ.
მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის 2"-ის პროექტის მშენებლობა, რომელსაც ბერლინი უკრაინაში ომის გაჩაღებამდე აქტიურად უჭერდა მხარს, გასულ წელს დასრულდა. გერმანიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, უარი თქვა მილსადენის ექსპლუატაციის ნებართვის გაცემაზე.