ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის სრულ აკრძალვას.
როგორც ბორელმა ავსტრიულ ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში განაცხადა, "ეს არ არის საუკეთესო ინიციატივა".
ჟოზეპ ბორელის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებით რუსეთს მოსახლეობასთან კონტაქტი გაწყდება, ასეთი ყოვლისმომცველი ნაბიჯის შედეგები კი "დადებითი არ იქნება".
"ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ მომხრე, რომ ვიზები საერთოდ აღარ გაიცეს", - განაცხადა ბორელმა. ამავე დროს, ბორელს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხში ერთსულოვნებას გამოიჩენენ.
მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას.
შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის 2007 წელს გაფორმდა.
შეთანხმების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შენგენის ვიზის აღება მოესურვებათ, უფრო მეტი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, ვიზის გაცემის საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდა. ამასთან, განცხადებს განხილვის ვადა გაიზრდება.
როგორც წყარომ უთხრა Financial Times-ს, ოფიციალურად ეს ინფორმაცია გაჟღერდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში 30 აგვისტოს დაიწყება.