უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყებამ შეაგროვა ომის დანაშაულის მტკიცებულებები, რომლებიც ჩადენილია ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერის რამზან კადიროვისა და მისი ორი ხელქვეითის, დანიელ მარტინოვისა და ჰუსეინ მეჟიდოვის მიერ.
დანიელ მარტინოვი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების სამმართველოს უფროსის მოადგილეა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ჰუსეინ მეჟიდოვი კი რუსეთის ფედერაციის 249-ე ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის "სამხრეთის" 249-ე ტაქტიკური ჯგუფის მეთაური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად აკონტროლებდა ეროვნული გვარდიის ჩეჩნური დივიზიების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებასა და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს, ისმენდა მათი ლიდერების მოხსენებებს.
უწყების ინფორმაციით, დანიელ მარტინოვი 5 მარტს პირადად ხელმძღვანელობდა კიევის რეგიონში, ბოროდიანკაში მდებარე ფსიქო-ნევროლოგიური პანსიონის აღებას, როდესაც დაწესებულების 500-მდე პაციენტი და თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.
ჰუსეიმ მეჟიდოვმა კი თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ბრძანა ჰოსტომელში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად აყვანა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რამზან კადიროვს ბრალს დებს აგრესიული ომის მომზადებასა და გაჩაღებაში, უკრაინის საზღვრების შესაცვლელად ქმედებების განხორციელებაში, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებაში.
მარტინოვს და მეჟიდოვს ბრალად ედებათ ომის კანონებისა და წესების დარღვევა, სამხედრო ტყვეების ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობა.