კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
"ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.
"შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მოლაპარაკებაში. ფილიპ რიკერი ითანამშრომლებს თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ასევე იმუშავებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის ფასილიტაცია მოახდინოს. ამ დროს რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფილიპ რიკერი ბოლო დროს გაერთიანებულ სამეფოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა. 2019 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე რიკერი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
მანამდე ელჩი რიკერი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის სამოქალაქო მოადგილე და პოლიტიკის მრჩეველი შტუტგარტში, გერმანიაში. ის ადრე მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში და იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომელიც ორიენტირებული იყო ბალკანეთის, ცენტრალური ევროპისა და ჰოლოკოსტის საკითხებზე.
2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.