შექმნილ ვითარებაში, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასასრულებლად, მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
ბერბოკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა "ყველაფერი გააკეთეს" ამ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პუტინმა უკუაგდო ყველა ეს მცდელობა და "ნახევარი წელია ანადგურებს უდანაშაულო ქვეყანას".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც არ სურს რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვა და ასეთ ვითარებაში, "არ არის სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის იარაღით მომარაგება".
ანალენა ბერბოკმა უკრაინისთვის გერმანიის მიერ გაწეული და გასაწევი სამხედრო დახმარების თაობაზეც ისაუბრა. მან აღიარა, რომ ომის დასაწყისში მთავრობა ყოყმანობდა იარაღის გადაცემაზე, მაგრამ ახლა შემოდგომაზე სწრაფი, დამატებითი მიწოდებაა საჭირო, "რათა უკრაინელებმა თავი დაიცვან".
მისივე თქმით, ბერლინის ეს პოზიცია იყო ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გერმანიისადმი ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი.
"ჩვენ არ გავითვალისწინეთ ჩვენი ბალტიელი და აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრების შიში. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკა", - თქვა მან.
მანამდე, 23 აგვისტოს კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით.
როგორც Reuters იტყობინება, გერმანია გეგმავს უკრაინას მიაწოდოს 500 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ახალი იარაღი - სარაკეტო სისტემა - Iris-T, 10 ჯავშანტექნიკა, 20 სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, საბრძოლო მასალა და სხვა.