აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა ამ კვირის ბოლომდე "რეფერენდუმი" გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"რუსეთის ხელმძღვანელობამ დაავალა ოფიციალურ პირებს, დაიწყონ მზადება ფიქტიური რეფერენდუმების ჩასატარებლად. ჩვენ შეიძლება მართლაც ვიხილოთ, რომ რუსეთმა პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმი გამოაცხადოს ამ კვირის ბოლომდე", - თქვა კირბიმ.
რეგიონები, სადაც "რეფერენდუმი" შეიძლება ჩატარდეს, არის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილები სამხრეთით. ასევე ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქები აღმოსავლეთ უკრაინაში.
"შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ნათლად აჩვენეს, რომ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის კონტროლის ნებისმიერი მცდელობა არ ჩაითვლება ლეგიტიმურად", - აღნიშნა კირბიმ.
ჯონ კირბის თქმით, აშშ მოელის, რომ რუსეთი დაიწყებს მანიპულირებას "კენჭისყრის" შედეგებით, რათა ამტკიცოს, თითქოს უკრაინელ ხალხს სურს რუსეთთან შეერთება.
შეგახსენებთ, თეთრი სახლი ჯერ კიდევ ივლისში იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება.