ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის - ნიშნავს ამ ტერიტორიებზე არალეგიტიმურ წარმომადგენლებს, შემოაქვს რუბლი, როგორც "ადგილობრივი ვალუტა" და აიძულებს მოსახლეობას, მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა.
ანექსიის საფრთხეზე ჯონ კირბიმ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ მოსკოვი იყენებს იგივე ტაქტიკას უკრაინის ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ყირიმში მისი ანექსიის დროს. კერძოდ, საუბარია ხერსონის, ზაპოროჟიეს და მთელი დონბასის ტერიტორიებზე.
რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის მცდელობები ხდება "უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული", რაც ადასტურებს უწინ გამოთქმულ ვარაუდებს მოსკოვის განზრახვების შესახებ.
კირბის განცხადებით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ჩაატარებენ ყალბ რეფერენდუმებს, შემდეგ კი "რუსეთი გამოიყენებს ამ რეფერენდუმებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიისთვის".
მისივე თქმით, აშშ და მოკავშირეები მზად არიან, უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კრემლის ნებისმიერ ნაბიჯს უპასუხონ სწრაფად და მკაცრად, რუსი მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
"ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებს", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.