შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
ახალი დახმარება, რომელიც თითქმის 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი ომის ექვსი თვის განმავლობაში.
დახმარება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინა შეიარაღებას არა აშშ-ის რეზერვებიდან, არამედ სამხედრო კონტრაქტორებისგან მიიღებს.
"ყველა ამერიკელის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინელებმა მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი ერთგულებით შთააგონეს. ისინი მტკიცედ დგანან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინაშე. დღევანდელ დღე არის იმის ცხადი დადასტურება, რომ უკრაინა რჩება ამაყად და ასეთი იქნება მომავალშიც - სუვერენული და დამოუკიდებელი ერი. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ვალდებულების ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ: უკრაინას, უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2.98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.