ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
"უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კდეც", - თქვა სტოლტენბერგმა ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე მას ეს დასჭირდება.
"ძლიერ და დამოუკიდებელ უკრაინას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისთვის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის შეჭრა, რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება, არის "ყველაზე სერიოზული კრიზისი ევროპის უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ".
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინას "ძლიერება და წარმატებები" უსურვა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები და მთელი უკრაინელი ხალხი იჩენს უზარმაზარ გამბედაობასა და მონდომებას საკუთარი ქვეყნის დასაცავად და თავიანთი მაგალითით შთააგონებენ მთელ მსოფლიოს", - დასძინა სტოლტენბერგმა.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს.