უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
23 აგვისტოს უკრაინის ეროვნული დროშის დღე აღინიშნება.
ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს ეროვნული დროშის დღე მიულოცა და გამოთქვა მტკიცე რწმენა, რომ უკრაინის დროშა დაუბრუნდება თითოეულ იმ ქალაქსა და სოფელს, რომელიც ახლა რუსეთის მიერ დროებითაა ოკუპირებული.
"უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა ისევ ფრიალებს იქ, სადაც მისი სახლია - უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ დასახლებაში, იმ დასახლებებში, რომლებიც დროებით ოკუპირებულია. ის სამუდამოდ აფრიალდება მელიტოპოლში, გამარჯვების მოედანზე, სადაც ვეღარ იქნებიან ისინი, ვინც ამ ომს წააგებენ. ლურჯ-ყვითელი დროშა იქნება ხერსონში, თავისუფლების მოედანზე - არ შეიძლება, იქ იყოს მათი დროშა, ვინც არ იციან, რა არის თავისუფლება. ლურჯი და ყვითელი დროშა აფრიალდება ბერდიანსკში, აზოვის გამზირზე, სკადოვსკში, ენერჰოდარში, ატომურ ელექტროსადგურზე... არ შეიძლება, ამ ადგილებზე იყოს მათი დროშა, ვინც ეს სახელები პირველად გაიგეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრანის ეროვნული დროშა ასევე აფრიალდება ყირიმშიც, რადგან "როგორც არ უნდა სცადოს ვინმემ ისტორიის გაყალბება, ისტორიულად, ეს ფერები ყირიმთან ასოცირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნული დროშა წარმოადგენს ყვითელი (დაბლა) და ლურჯი (ზევით) თანაბარი ზომის ჰორიზონტალური ზოლებისაგან შემდგარ მართკუთხა ქსოვილს. ყვითელი ფერი განასახიერებს ხორბალს, ხოლო ლურჯი - ცას.
ლურჯ-ყვითელი დროშა დამტკიცდა 1992 წელს. უკრაინის ეროვნული დროშის დღე დაარსდა 2004 წელს, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას განკარგულებით.