ესტონეთი ევროკავშირს, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესებისკენ მოუწოდებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სრული ენერგეტიკული ემბარგო.
"ზამთრის დადგომამდე აგრესიის საფასური კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. შვიდი პაკეტი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ პუტინზე ზეწოლა მოეხდინა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად", - განუცხადა Vikerraadio-ს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა ის ზომები, რაც ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. მათ შორისაა ყოვლისმომცველი ემბარგო ენერგომატარებლებზე, რუსული ბანკების სრული გათიშვა SWIFT-ის სისტემიდან, ასევე რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვა.
გასულ კვირას ტალინმა გადაწყვიტა მიმართოს ევროკომისიას ოფიციალური წინადადებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადების შესახებ.