ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ იქ ოკუპაცია დროებითია და უკრაინა ბრუნდება - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა მოსახლეობას შეახსენა, რომ მომავალ კვირას უკრაინა ეროვნული დროშისა და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ასევე დაგეგმილია ყირიმის პლატფორმის სამიტის გამართვა.
"ჩვენ აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. წინ არის ჩვენი დროშის დღე და ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. წინ არის უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ომის ვეტერანთა ხსოვნა და ყირიმის პლატფორმა - ეს წელი მართლაც განსაკუთრებულია. წელს პირდაპირი მნიშვნელობით ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ იქ ოკუპაცია დროებითია და უკრაინა დაბრუნდება.
ჩვენ ყოველთვის გულახდილად ვამბობთ: უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება, მოთმინება და სამწუხაროდ დიდი ტკივილის გადატანა მოგვიწევს. მაგრამ უკრაინელები სამართლიანად ამაყობენ საკუთარი თავით, ქვეყნითა და გმირებით", - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უკრაინელების გატეხვა, მათი შესაძლებლობებისა და გმირობის გაუფასურება, სასოწარკვეთის, შიშის და დაპირისპირების დათესვა.
"ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს და არც ერთი წუთით არ დანებდეთ მტრის ამ ზეწოლას, არ დაიღალოთ, არ გამოავლინოთ სისუსტე", - მოუწოდა მან უკრაინელებს.