ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი, გერმანიის მარშალის ფონდის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლურ კამპანიას აღმაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
როგორც მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აღნიშნა, მთავრობა ახლა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვაა უფრო მნიშვნელოვანი, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია.
"პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო - არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა [ირაკლი] კობახიძისა და სხვებისგან.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ [საქართველოს მთავრობას] არ სურთ იყვნენ ნატოს, ევროკავშირის წევრები.
ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან "ქართული ოცნების" წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.
ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.
როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს", - თქვა თორნტონმა.