უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 363 ბავშვი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა.
პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო სულ 718-მა ბავშვმა.
ბავშვების უმეტესობა დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში.
გარდა ამისა, რუსული ჯარების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვის გამო დაზიანდა 2 328-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 289 მთლიანად განადგურდა.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული მონაცემები არასრულია, რადგან მიმდინარეობს მუშაობა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.