საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. იტყობინებიან კრემლი და ელისეის სასახლე.
ბოლოს, მაკრონმა და პუტინმა ტელეფონით, მაისის მიწურულს ილაპარაკეს.
ელისეის სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე შექმნილი სიტუაციით გამოწვეული რისკების შესახებ და მხარი დაუჭირა სადგურზე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა მისიის რაც შეიძლება სწრაფად გაგზავნას, უკრაინასა და გაეროსთან შეთანხმებული პირობებით.
მაკრონის პრესსამსახურის განცხადებით, პუტინი დათანხმდა ასეთი მისიის გაგზავნას ატომურ ელექტროსადგურზე.
პარიზის ინფორმაციით, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერები უახლოეს დღეებში კვლავ განიხილავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას.
თავის მხრივ, კრემლმაც დაადასტურა, რომ ლიდერებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით იმსჯელეს.
"პრეზიდენტებმა აღნიშნეს ატომური ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის რაც შეიძლება მალე გაგზავნის მნიშვნელობა, რომელიც შეძლებს ადგილზე რეალური სიტუაციის შეფასებას. რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გაუწიოს სააგენტოს ინსპექტორებს საჭირო დახმარება", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი მაკრონსა და პუტინს შორის, პარიზის ინიციატივით შედგა.