გაეროს გენერალური მდივნის, ანტიონიო გუტერეშის განცხადებით, "ნებისმიერი თავდასხმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება". ამის შესახებ მან, ხუთშაბათს ლვოვში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გუტერეში ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა და თქვა, რომ სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება "სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება"“, - თქვა მან.
"გაეროს სამდივნომ, ატომურ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად, შეაფასა არსებული ვითარება და დაასკვნა, რომ გვაქვს უკრაინაში ლოგისტიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობები, რომ მხარი დავუჭიროთ სააგენტოს მისიას ელექტროსადგურზე, თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან", - განაცხადა გუტერეშმა.
გენერალური მდივნის თქმით, ძალისხმევა არავინ უნდა დაიშუროს იმისათვის, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტები ან ტერიტორია არ იყოს საომარი მოქმედებების ობიექტი.
"სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაიყვანონ სადგურიდან. თავიდან უნდა იქნას აცილებული სამხედრო ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება ადგილზე. ტერიტორია უნდა იყოს დემილიტარიზებული", - თქვა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა უარყო გაეროს წინადადება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ივან ნეჩაევმა განაცხადა, რომ "დემილიტარიზებული ზონის შექმნის წინადადება მიუღებელია, რადგან ამ სიტუაციაში ატომური ელექტროსადგური კიდევ უფრო დაუცველი გახდება".
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში დაიკავა. ელექტროსადგურზე უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ცნობები, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე, რამაც გაზარდა ბირთვული ინციდენტების რისკი. 6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტება ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 6 აგვისტოს სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო და განაცხადა, რომ ეს აჩენს ბირთვული კატასტროფის "ძალიან რეალურ რისკს".
ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა უფრო მეტი რეაგირებისკენ.
ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციები რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ, ასევე რუსული ბირთვული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ.
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.