17 აგვიტოს ღამით და 18 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეჰუბოვი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
"გასული ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხარკოვის ოლქისთვის, მთელი ომის განმავლობაში. ღამით რუსებმა განახორციელეს მასიური სარაკეტო თავდასხმები ხარკოვზე", - წერს სინეჰუბოვი ტელეგრამის არხზე.
მისივე თქმით, 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, რუსული რაკეტა (სავარაუდოდ "ისკანდერი") სალტოვსკის რაიონში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სახლი თითქმის მთლიანად განადგურდა, იყო მასშტაბური ხანძარი. ბოლო მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის 11 წლის ბავშვი.
18 აგვისტოს, დილის 4:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბელგოროდიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით კიდევ 8 რაკეტა გაუშვა.
"სლობოდსკის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა ოთხსართულიანი საერთო საცხოვრებლის შენობას მოხვდა, შენობა ნაწილობრივ დაინგრა, ამ დროისთვის 2 ადამიანი დაიღუპა, 18 (მათ შორის 2 ბავშვი) დაშავდა.
გარდა ამისა, დღეს დაახლოებით დილის 4 საათზე კრასნოგრადზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსები, დაზიანდა 10-ზე მეტი სახლი. დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, 2 (მათ შორის 12 წლის ბავშვი) დაშავდა", - განაცხადა სინეჰუბოვმა.
დაბომბვის ადგილებზე მუშაობენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ხარკოვზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "საზიზღარი და ცინიკური" უწოდა.