რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. იტყობინება გაზეთი "კომერსანტი" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით.
ადგილობრივების ცნობით, სამხედრო ავიაბაზის ტერირორიაზე აფეთქებების ხმა გაისმა და მის თავზე შავი კვამლის ღრუბლები შეინიშნებოდა.
"კომერსანტის" წყარომ, ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ სამხედროები და სამართალდამცავები სწავლობენ ვერსიას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა საბრძოლო მასალის საცავზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.
სოფელ გვარდეისკოეში არის ამავე სახელწოდების სამხედრო აეროდრომი, რომელზედაც 2014 წლიდან დაფუძნებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შერეული საავიაციო პოლკი.
შეგახსენებთ, 16 აგვისტოს დილით, ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეში, საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს დივერსიად შეაფასა. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ჯანკოის ელექტრო ქვესადგურში.