სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება ერევნის მეტროს, პარლამენტისა და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე ბომბის არსებობის შესახებ.
სომხური მედიის ინფორმაციით, შეტყობინების თანახმად, დანაღმულია ყველა სავაჭრო ცენტრი, ზოოპარკი, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია და სხვა ობიექტები.
"უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
თავის მხრივ, ერევნის მეტროპოლიტენის პრესმდივანმა ტატევ ხაჩატრიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მიიღო შეტყობინება ყველა მეტროსადგურზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.
"ამ დროისთვის მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია", - აღნიშნა ხაჩატრიანმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუ"- ში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი გახდა.
უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაშავდა 26 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია მაშველები და მეხანძრეები.