დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 22%-ით უსწრებს თავის კონკურენტს რიში სუნაკს, კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე რბოლაში.
Opinium Research-მა კონსერვატიული პარტიის 450 წევრი გამოკითხა, რომელთაც უკვე ჰქონდათ გადაწყვეტილი თუ ვის დაუჭერდნენ მხარს. გამოკითხულთა 61%-მა ლიზ ტრასს დაუჭირა მხარი, ხოლო რიში სუნაკს - 39%-მა.
გამოკითხვების თანახმად, ლიზ ტრასის მხარდაჭერის მთავარი სამი მიზეზი იყო რიში სუნაკის მიმართ უარყოფითი განწყობა, განცდა, რომ ის [ტრასი] იმსახურებდა მეტ ნდობას და რომ ის ბორის ჯონსონის ბოლომდე ერთგული დარჩა.
სუნაკის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მას უკეთ ესმის ეკონომიკა და ორ კანდიდატს შორის, ის უფრო კომპეტენტური და ინტელექტუალია.
კონსერვატიული პარტის დაახლოებით 200 000 წევრი ფოსტის მეშვეობით აძლევს ხმას სასურველ კანდიდატს. გამარჯვებული, ანუ პარტიის ლიდერი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გამოვლინდება.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.