უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია.
ამის შესახებ ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტელეგრამზე დაწერა.
"ვაგრძელებ მუდმივ დიალოგს ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან. დღევანდელი სატელეფონო საუბრისას მათ გადაამოწმეს რუსეთის დანაკარგის შეფასება. აღინიშნა, რომ მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ძალით. უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია", - აღნიშნულია შეტყობინებაში.
ზალუჟნის თქმით, მან მიაწოდა ინფორმაცია გენერალ მილის, რომ ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში ფრონტის 1 300 კილომეტრზე მიმდინარეობს და უკრაინას ესაჭიროება საარტილერიო ცეცხლის გაძლიერება.