რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, უნგრეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მიმდინარე კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობის გარდა, დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინოს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ტამაშ მენცერმა განაცხადა.
მენცერმა დააკონკრეტა, რომ "ასეთი დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის შეძენა რუსული წყაროების გარეშე შეუძლებელია".
მისი თქმით, "გაზპრომმა" უნგრეთისთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება 12 აგვისტოს დილიდან დაიწყო.
პირველ ეტაპზე, აგვისტოს ბოლომდე, "გაზპრომი" უნგრეთს ყოველდღიურად 2.6 მილიონ კუბურ მეტრ აირს მილსადენ "თურქული ნაკადის" გავლით მიაწოდებს.
"ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სექტემბრის გრაფიკზე", - დასძინა მენცერმა.
მან განმარტა, რომ უნგრეთისთვის რუსული გაზის დამატებითი მიწოდების საკითხი შეთანხმებული იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს მოსკოვში ვიზიტის დროს, ივლისის ბოლოს.
"დამატებითი შესყიდვის ხელშეკრულების მიზანია უნგრეთის მთავრობის სურვილი უზრუნველყოს ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება", - ნათქვამია მენცერის განცხადებაში.