შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სავარაუდოდ ნოემბერში პირისპირ შეხვედრას გამართავენ. იტყობინება Wall Street Juornal-ი წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ოფიცილური პირები უკვე გეგმავენ სი ძინპინის ოფიციალურ ვიზიტს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლის ფარგლებშიც იგეგმება, სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაც.
ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ვიზიტი, რომელსაც ძინპინი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გამართავს.
წყაროს თანახმად, ჩინეთის ლიდერი, სავარაუდოდ, დაესწრება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესს ოქტომბერში, რომლის დასრულების შემდეგ კი ინდონეზიის ქალაქ ბალიში, "დიდი ოცეულის" (G20) ლიდერების სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 15-16 ნოემბერს არის დაგეგმილი.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ისინი სწავლობენ ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას.
შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრის საკითხი განიხილება ტაივანის ირგვლივ ვითარების ბოლოდროინდელი გამწვავებისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის ფონზე. ამ ვიზიტმა პეკინის მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომელიც კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. მას შემდეგ ჩინელმა სამხედროებმა განათავსეს დამატებითი ძალები ტაივანის სრუტეში და ჩაატარეს მასშტაბური სამხედრო წვრთნების სერია.