დოკუმენტები, რომელსაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს მამულში ეძებდა, მოიცავდა საიდუმლო მასალებს, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ შეიარაღებასთან. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროები არ ამხელენ დამატებით ინფორმაციას, თუ რა სახის დოკუმენტებზეა საუბარი, შეერთებული შტატების შეიარაღებას ეხება თუ სხვა ქვეყნებისას.
ისინი ასევე არ საუბრობენ იმაზე, ჩხრეკისას მიაკვლიეს თუ არა ამ დოკუმენტებს.
მანამდე, შეერთებული შტატების იუსტიციის მდივანმა, გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად მან დაამტკიცა ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა.
8 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ის აგენტებმა გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი ფლორიდაში. მისივე თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინასწარ იცოდა ამ ჩხრეკის თაობაზე. ბაიდენმა უარყო ბრალდება.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი ჩხრეკის შესახებ და სამართალდამცავი ორგანოები "პოლიტიკურ დევნაში" დაადანაშაულა.
ამერიკული მედია, გამოძიების ბიუროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლოს მიერ ნებადართული ჩხრეკის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ტრამპმა თეთრი სახლიდან თან წაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეროვნული არქივისთვის უნდა გადაეცა.
თებერვალში ეროვნულმა არქივმა დაადასტურა, რომ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო. მათ შორის იყო ტრამპის ოფიციალური მიმოწერა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინთან, ასევე ოვალურ კაბინეტში ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ დატოვებული წერილი.
კანონის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.