"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის - მორიგ განცხადებას, სადაც ეს უკანასკნელნი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების განზრახვაში ადანაშაულებენ.
ნიკა მელიას განცხადებით, დეპუტატების ამ წერილით, "უსამშობლო ივანიშვილი პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას".
"დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ - რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს...
უსამშობლო, რუსი ოლიგარქი და მისი პარტია რუსული ოცნება, ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას:
ერთი მხრივ, საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ანუ ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში.
მეორე მხრივ, კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად.
რუსულ ოცნებას ავიწყდება ერთ რამ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთისგან კარგად მიჯნავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასა და მის ხალხს და ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა თუ ცალკეულ პიროვნებებს.
ერთადერთი, რასაც ამით უსამშობლო ივანიშვილი ახდენს არის ის, რომ პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას", - ამბობს მელია.