ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი აცხადებს, რომ ავიაკომპანია, საწვავის მზარდი ღირებულების გამო, მომხმარებლებს დაბალფასიან ბილეთებს ვეღარ შესთავაზებს.
მაიკლ ო’ლირის განცხადებით, "10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა".
"ჩვენ მართლაც გვქონდა იაფი სარეკლამო ტარიფები - 1 ევრო, 0.99 ევრო, თუნდაც 9.9 ევრო. ვფიქრობ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბილეთებს ამ ფასად ვეღარ ვიხილავთ", - თქვა მან BBC Radio 4-ის ეთერში.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ღირებულების ზრდა გავლენას ახდენს ადამიანების შემოსავალზე, ავიაკომპანიის მგზავრების რაოდენობა სტაბილური დარჩება, რადგან ადამიანებს ურჩევნიათ იაფი ვარიანტები განიხილონ, ვიდრე საერთოდ უარი თქვან ფრენებზე.
"ვფიქრობთ, ადამიანები კვლავ გააგრძელებენ ხშირად ფრენას", - დასძინა მან.