რუსულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის ფლაგმანმა "აეროფლოტმა", თვითმფრინავების დაშლა დაიწყეს, რათა შეძლონ სხვა თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა, რომლის შეძენაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, აღარ ძალუძთ. იტყობინება Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს Sukhoi Superjet 100-ისა და Airbus A350-ის დემონტაჟი. წყარო ასევე დასძენს, რომ Airbus A350 თითქმის ახალია. ორივე თვითმფრინავი "აეროფლოტის" განკარგულებაშია.
Reuters-ს ასევე მოჰყავს თვითმფრინავების გადაადგილების თვალთვალის პლატფორმის Flightradar24-ის მონაცემები. სააგენტოს ცნობით, "აეროფლოტის" ავიაპარკში არსებული თვითმფრინავების 15%-ს (50 თვითმფრინავი) ივლისის ბოლოდან ფრენა არ განუხორციელებია. ამავდროულად, 7 Airbus A350-ს საერთოდ არ უფრენია ბოლო 3 თვის განმავლობაში.
წყარო ასევე იტყობინება, რომ აეროფლოტის რამდენიმე თვითმფრინავიდან (Boeing 737 და Airbus A320) უკვე ამოიღეს სათადარიგო ნაწილები.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და "აეროფლოტმა" არ უპასუხეს Reuters-ის კითხვებს.
უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესეს, რამაც გავლენა მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაზე.
სანქციების ფარგლებში, აიკრძალა რუსული ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა ან ტექნიკური მომსახურების გაწევა.