შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კალმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგი 70 000-დან 80 000 სამხედრომდე მერყეობს.
კალის განცხადებით, ამ რაოდენობაში იგულისხმება, როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები.
"ვფიქრობ, რუსებმა 6 თვეზე ნაკლებ დროში 70-დან 80 ათასამდე დანაკარგი განიცადეს. საუბარია საომარი მოქმედებების დროს დაღუპულებსა და დაჭრილებზე ერთად. ეს რიცხვი შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი ან ცოტა მეტი, მაგრამ მდგომარეობა დაახლოებით ასეთია", - თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, რუსული ჯარების დანაკარგების რაოდენობა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთა ვერ მიაღწია პუტინის მიერ დასახულ ვერცერთ მიზანს.
"უკრაინელთა მებრძოლი სულისკვეთება და გამარჯვების ნება ურყევია და ვფიქრობ, ბევრად აღემატება რუსეთისას, რაც უკრაინელებს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, 17 ივლისს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში დაიღუპა ან დაიჭრა 50 000 რუსი სამხედრო.