პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა რადიკალური ოპოზიციის მიერაა წამოწყებული და ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება.
ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და "არა მცირე, მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის".
"რაც შეეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც არის ახლა გააქტიურებული სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. ჩვენ პოლიტიკურად იცით, რომ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, აღადგინა უვიზო მიმოსვლა, ეს რომ ასე არ გამხდარიყო, ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა, როდესაც საუბარია ამ ნარატივის გაგრძელებაზე, დავუშვათ, მაქსიმალურად გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა მცირე, მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც შემოტანილია ისევ და ისევ კონკრეტული ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან. არავის ინტერესი რეალურად გარდა ერთისა არ გააჩნია, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, ეს არის ინტერესი და ყველა ასეთი კონკრეტული შემოთავაზებები ემსახურება ამ ინტერესს", - ამბობს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პეტიცია შეიქმნა. პეტიციას 10 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.