გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი რეგულარულად აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს.
ბოლო მონამცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 5 327 ადამიანი დაიღუპა და 7 257 დაშავდა.
"სამოქალაქო პირების სიკვდილის და დაჭრის შემთხვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ფართო მოქმედების ზონებში, მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ტერიტორიების დაცხრილვით და სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით", - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
გაეროს მონაცემებით დაიღუპა 2 056 მამაკაცი, 1 400 ქალი, 165 ბიჭი და 146 გოგონა, ხოლო 41 ბავშვისა და 1 519 ზრდასრულის სქესი ჯერ დადგენილი არ არის.
7257 დაშავებულს შორის იყო 221 ბიჭი და 155 გოგონა, ასევე 195 ბავშვი, რომელთა სქესი ჯერ არ არის დადგენილი.
გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას, სადაც ბრძოლა გრძელდება, ინფორმაციის მიღება დაგვიანებულია.