შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, თეთრი სახლის გაფრთხილების მიუხედავად, აზიური ტურნეს ფარგლებში ტიავანს ეწვევა. ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ და ტაივანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაივანელი წყაროს ინფორმაციით, ნენსი პელოსი ერთი ღამით დარჩება ტაივანში. ამჟამად ის სინგაპურში იმყოფება, უცნობია, როდის დაეშვება მისი თვითმფრინავი ტაიპეიში.
ამავდროულად, CNN-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა თვალყური მიადევნონ რეგიონში ჩინეთის ნებისმიერ მოძრაობას და უზრუნველყონ პელოსის უსაფრთხოების გეგმა.
პელოსის ტაივანში ვიზიტს ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომელიც კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთის სოციალურ მედიაში გავრცელდა მოწოდებები პელოსის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, თუ ის ტაივანის საჰაერო სივრცეში მოხვდებოდა.
რამდენიმე საათის წინ, ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები "ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან", თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა.
ოფიციალური ინფორმაციით, პელოსი აზიური ტურნეს ფარგლებში, სინგაპურს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და მალაიზიას ეწვევა. ტაივანი არ არის ნახსენები მისი პრესსამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააფრთხილა პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო. "ცეცხლს ვინც ეთამაშება, თავს დაიწვავს", - უთხრა ძინპინმა ბაიდენს.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტს, "მკაცრი პასუხები მოჰყვება".
როგორც იუწყებიან, პენტაგონს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც პელოსის ტაივანზე ვიზიტის შემთხვევაში, ამერიკელი მაღალჩინოსნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.