ლატვია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა "ტვიტერში" დაწერა.
ამავდროულად, რინკევიჩსი ევროკავშირს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდებს.
"ვგმობ ოლენივკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ძალადობრივ მკვლელობებს და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებს.
ევროკავშირმა რუსეთი უნდა განიხილოს როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო, მოვუწოდებ ევროკავშირს აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა", - წერს დიპლომატი.
29 ივლისს ოლენივკაში მდებარე იზოლატორზე თავდასხმის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ თავდასხმა "კიევის რეჟიმმა" ამერიკული HIMARS-ის გამოყენებით განახორციელა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო ოლენივკაზე სარაკეტო, ან საარტილერიო შეტევა. გენერალური შტაბის მტკიცებით, საარტილერიო იერიში განახორციელა რუსულმა მხარემ, რათა დაემალა ტყვეთა წამების და დახვრეტის ფაქტები და უკრაინა დაედანაშაულებინა ომის დანაშაულის ჩადენაში.