გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი აპირებს უკრაინის დაქუცმაცებას და მის მთლიანად გაქრობას მსოფლიო რუკიდან. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა 29 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ვაშინგტონი სულ უფრო და უფრო მეტ ნიშანს ხედავს, რომ მოსკოვი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიისთვის ემზადება.
"რატომ იქმნება კრემლის მარიონეტული ე.წ. ხელისუფლებები რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე? რათა ჩაატარონ ფიქტიური რეფერენდუმები ან მიიღონ დეკრეტები რუსეთთან შეერთების თაობაზე", - ციტირებს დიპლომატის სიტყვებს სააგენტო Associated Press-ი.
გრინფილიდის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა კიდეც, რომ სწორედ ეს არის რუსეთის სამხედრო მზიანი.
ამერიკელმა დიპლომატმა გააკრიტიკა ის სახელმწიფოები, რომლებიც ამბობენ, რომ "ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მეორის უსაფრთხოების ხარჯზე".
მას არ დაუსახელებია კონკრეტული სახელმწიფოები, მაგრამ სააგენტო AP შენიშნავს, რომ ამ მოსაზრებებს ხშირად გამოთქვამენ გაეროში ჩინეთის წარმომადგენლები. კერძოდ, გაეროში ჩინეთის ელჩის მოადგილე, გენგ შუანგი, რომელმაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა:
"საკუთარი უსაფრთხოების სხვის უსაფრთხოებაზე მაღლა დაყენების, სამხედრო ბლოკების გაძლიერების, აბსოლუტური უპირატესობის დამყარების მცდელობები მხოლოდ კონფლიქტამდე და დაპირისპირებამდე მიგვიყვანს და საერთაშორისო საზოგადოებას გახლეჩს".
ამავდროულად, ლინდა თომას-გრინფილდმა გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც დიპლომატიის მოწოდებით გამოდიან, თუმცა რუსეთს არ ახსენებენ.
"მოდით, მკაფიონი ვიყოთ, რუსეთის მუდმივი ქმედებებია დაბრკოლება ამ კრიზისის გადასაჭრელად", - თქვა დიპლომატმა.
გრინფილდს ამ შემთხვევაშიც არ დაუსახელებია კონკრეტული სახელმწიფოები, მაგრამ სააგენტო AP შენიშნავს, რომ ამ მოსაზრებებს ხშირად გამოთქვამენ აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა.