რუსეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს შესთავაზა, პატიმრების გაცვლის გეგმაში ჩართოს "ეფ-ეს-ბე"-ს ყოფილი ოფიციერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმიანიაში სასჯელს იხდის ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველო მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის წყაროს ცნობით, რუსეთის ეს მოთხოვნა ამერიკულ მხარეს პრობლემურად მიაჩნია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ, რომ ეს შეთავაზება მიიღეს არაოფიციალური არხით, რომელსაც "ეფ-ეს-ბე" იყენებს. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ კრასიკოვი ამჟამად გერმანიაში იხდის სასჯელს.
ამავდროულად, წყაროს ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გერმანელ კოლეგებს მიმართეს იმის დასადგენად, თუ რამდენად იქნებოდნენ ისინი მზად, კრასიკოვის პატიმართა გაცვლის გეგმაში ჩასართავად.
ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ კრასიკოვის გაცვლა სერიოზულად არ იყო განხილული.
რუსეთი და შეერთებული შტატები განიხილავენ პატიმრების გაცვლას რუსეთში ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრაინერის სასამართლო პროცესის ფონზე, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდაშია ბრალდებული. მას რუსეთში ჩაფრენისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს.
შეერთებული შტატები ითხოვს გრაინერისა და კიდევ ერთი ამერიკელი პატიმრის პოლ უილენის გაცვლას, რომელიც გასამართლებულია ჯაშუშობის მუხლით. სანაცვლოდ, ვაშინგტონი მოსკოვს რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გადაცემას სთავაზობს.
პატიმართა შესაძლო გაცვლის საკითხი 29 ივლისს სატელეფონო საუბრისას განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მხარეთა ინფორმაციით, პროგრესი ამ თემის ირგვლივ არ მიღწეულა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.
ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა.