უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი გამოეხმაურა რუსეთის არმიის მიერ დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ოლენივკას იზოლატორის დაბომბვას, რომელსაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა.
"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. რუსების სიმხეცე, რასაც ჩვენი სამხედროების მიმართ ჩადიან, განრისხებას იწვევს. შურს ვიძიებთ ყოველი დაღუპული ან დასახიჩრებული თანამემამულისთვის.
რუსი ომის დამნაშავეებისგან განსხვავებით, ჩვენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს ვიცავთ. ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელსა და შეუძლებელს, რათა დავსაჯოთ დამნაშავეები ჩვენი თანამოძმეების, ჩვენი დებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. იცოდეთ, მტრებო, დედამიწაზე თქვენი ადგილი არ იქნება", - აცხადებს ზალუჟნი.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 ივლისს ოლენივკაში მდებარე იზოლატორზე თავდასხმის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ თავდასხმა „კიევის რეჟიმმა“ ამერიკუსლი HIMARS-ის გამოყენებით განახორციელა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო ელენოვკაზე სარაკეტო, ან საარტილერიო შეტევა. გენერალური შტაბის მტკიცებით, საარტილერიო იერიში განახორციელა რუსულმა მხარემ, რათა დაემალა ტყვეთა წამების და დახვრეტის ფაქტები და უკრაინა დაედანაშაულებინა ომის დანაშაულის ჩადენაში.