29 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონ ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ეს არის ბლინკენისა და ლავროვის პირველი კონტაქტი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
ბლინკენისა და ლავროვის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთის ომი უკრაინაში. გავრცელებული ცნობით, ბლინკენმა ლავროვს უთხრა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთისგან მოელის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულებას, რომელიც სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებით აიღო.
თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების სფეროში ვითარებას ართულებს აშშ-ის სანქციებ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ბლინკენმა აღნიშნა, რომ მსოფლიო არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ახალი ტერიტორიების ანექსიას და თუ ეს მოხდება, კრემლს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს.
თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს შეასრულოს უკრაინაში ომის ყველა "მიზანი და ამოცანა".
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ამის შესახებ პირადად ჩვენგან გაიგონ - რომ ჩვენ არა მხოლოდ არ ვაღიარებთ ანექსიას, არამედ ისიც, რომ ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს იმ სანქციების გამო, რაც მის წინააღმდეგ იქნება დაწესებული", - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ლავროვთან საუბრის შემდეგ.
ბლინკენის თქმით, რუსეთის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფიქტიური რეფერენდუმების" ჩატარებას გეგმავს, რათა სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინის ამ რეგიონებში მცხოვრები ხალხი ესწრაფვის, როგორღაც რუსეთის ნაწილი გახდეს.
"ეს რეფერენდუმი იგეგმება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სურვილისამებრ, რათა გადაყლაპოს, რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორია", - დასძინა ბლინკენმა.
კიდევ ერთი თემა, რაზედაც ბლინკენმა და ლავროვმა ისაუბრეს, ამერიკის მოქალაქეების პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სამშობლოში დაბრუნება იყო, რომლებიც ამჟამად რუსეთში, პატიმრობაშ იმყოფებიან.
ბლინკენის თქმით, მან მოსკოვს მოუწოდა, დაეთანხმოს ამერიკელების გათავისუფლების პირობებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვმა ბლინკენს მოუწოდა, დაუბრუნდნენ მშვიდი დიპლომატიის რეჟიმს პატიმრების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონმა მოსკოვს აშშ-ში მსჯავრდებული რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტი გადასცეს.