უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნატოს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს. აღნიშნულის თაობაზე ორბანმა ვენაში, ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, "ამ ომის ამ ფორმით მოგება შეუძლებელია".
"ამ ფორმით ომის მოგება შეუძლებელია. უკრაინის იარაღითა და წვრთნით მხარდაჭერის ნატოს სტრატეგიამ აქამდე ცხადყო, რომ წარმატების მომტანი არ არის. სტრატეგიის შეცვლის გარეშე მშვიდობა არ დადგება. უკრაინაში მშვიდობის გარეშე კი ევროკავშირი საომარ სიტუაციაში აღმოჩნდება", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთანმ ორბანმა აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროკავშირში რეცესიის თავიდან აცილება, თუ ომი გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ორბანმა ევროკავშირის სტრატეგიაც დაიწუნა და ახალი სტრატეგიის შემუშავების მოწოდებით გამოვიდა. ორბანის თანახმად, ახალი სტრატეგია ფოკუსირებული უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და არა ომში გამარჯვებაზე.