უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რადგან "მოსკოვის წინააღდეგ დაწესებულმა სანქციებმა არ გაამართლა".
"საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც, ომის მოგების ნაცვლად, უნდა იყოს ფოკუსირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კარგი სამშვიდობო წინადადების შემუშავებაზე", - თქვა ორბანმა.
მისი თქმით, უკრაინა ვერასოდეს მოიგებს ომს ამ გზით, "თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის არმიას აქვს ასიმეტრიული დომინირება".
"ჩვენ ვსხედვართ მანქანაში, რომელსაც ოთხივე საბურავი აქვს დაშვებული: სრულიად ნათელია, რომ ომის მოგება ამ გზით შეუძლებელია", - თქვა ორბანმა.
შეგახსენებთ, 15 ივლისს, ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, შესაძლოა, გაანადგუროს ევროპის ეკონომიკა, თუ ისინი არ გადაიხედება ან არ მოიხსნება.
"თავიდან ვფიქრობდი, რომ ტყვია ფეხებში დავიხალეთ, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ევროპის ეკონომიკამ თავის თავს ფილტვებში ესროლა და ახლა იხრჩობა", - თქვა ორბანმა.
მისი თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, მაგრამ ევროპელმა ლიდერებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას, რადგან სანქციებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ევროპულ ეკონომიკას.
"სანქციები არ ეხმარება უკრაინას, მაგრამ ისინი საზიანოა ევროპის ეკონომიკისთვის და თუ ასე გაგრძელდა, ისინი მოკლავენ ევროპის ეკონომიკას. რასაც ახლა ვხედავთ, აუტანელია", - განაცხადა ორბანმა.
ამასთან, ორბანის თქმით, ბრიუსელმა უნდა აღიაროს, რომ არასწორი გათვლა გააკეთა.
ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბუდაპეში მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ემბარგოს ან იმპორტის შეზღუდვებს, რადგან ეს ძირს უთხრის მის ეკონომიკას.