შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ირაკლი კობახიძის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეურაცხყოფას ეხმიანება.
"მთავარ არხთან" ინტევიუში, იან კელიმ თქვა, რომ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე სიტყვიერად ან ფიზიკურად ძალადობენ.
"ნებისმიერ დროს, როდესაც გააკეთებთ ძალიან მტრულ განცხადებებს მედიის წინააღმდეგ, ეს ძალიან სახიფათოა. თქვენ იცით, რომ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მედია ადამიანების მტერია. ეს ჩემთვის ამაზრზენია. პირადული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, ვინც ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ადამიანებს ესხმიან თავს და ჟურნალისტები თავიანთი საქმის გაკეთებას ცდილობენ.
ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა და არა მასზე თავდასხმა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ისინი, ვინც ფიზიკურად ან/და სიტყვიერად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე. ვფიქრობ, კობახიძის ქცევა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროკავშირის პირობები განხორციელდე", - ამბობს იან კელი.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".
კობახიძემ ჟურნალისტის შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა: "ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს „რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა“ იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა", - დაწერა მან "ფეისბუქზე".