რომის პაპმა ფრანცისკემ კანადაში ვიზიტის დროს, რომის კათოლიკური ეკლესიის სახელით, პატიება სთხოვა ამ ქვეყნის ძირძველ მოსახლეობას.
"მდაბლად ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ბევრმა ქრისტიანმა ჩაიდინა მკვიდრი ხალხის მიმართ", - თქვა პაპმა 25 ივლისს, ალბერტის პრონვიციაში, პანსიონის ყოფილ სტუდენტებთან შეხვედრისას.
"მაპატიეთ, სამწუხაროდ, ბევრმა ქრისტიანმა მხარი დაუჭირა იმ ძალების კოლონიალურ მენტალიტეტს, რომლებიც ჩაგრავდნენ ძირძველ ხალხებს. ძალიან ვწუხვარ. ამ შემაძრწუნებელი ბოროტებისთვის, ეკლესია მუხლს იყრის ღვთის წინაშე და ლოცულობს პატიებისა და მისი შვილების ცოდვისთვის", - თქვა პაპმა.
1881-1996 წლებში, კათოლიკურმა ეკლესიამ 150 000-ზე მეტი ბავშვი ძირძველი მოსახლეობიდან ჩამოაშორა ოჯახებს და სკოლა-პანსიონებში გაგზავნა, რათა მათი საზოგადოებაში ასიმილაცია მოეხდინათ.
ამ წლების განმავლობაში, არაერთი მოზარდი გამხდარა შიმშილის, ცემისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იმ სისტემაში, რომელსაც კანადის სიმართლისა და შერიგების კომისიამ "კულტურული გენოციდი" უწოდა.
2021 წელს კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ყოფილ სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. მას შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არაერთი ასეთი სამარხი აღმოაჩინეს მსგავსი დაწესებულებების მიმდებარედ.
რომის პაპი კანადაში სწორედ მკვიდრი მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა კანადის გენერალ-გუბერნატორს მერი საიმონსა და პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს.