გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც მმართველი გუნდი 2024 წლამდე მთელ ყურადღებას დაუთმობს.
„გუშინ „მთავარის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას „მთავარიდანაც“ კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს „რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა“ იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, „ნაცმოძრაობის“ ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაჰკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ“, – წერს კობახიძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".