ებრაული სააგენტოს "სოჰნუტის" ფილიალის დახურვის შემთხვევაში, ისრაელი აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ მიიღოს არაერთი ზომა. იტყობინება ისრაელური გამოცემა Israel Hayome.
გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს მთელი რიგი "პოლიტიკური ზომებისა" რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთში ებრაული სააგენტო "სოჰნუტის" წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შემთხვევაში.
მედიის ინფორმაციით, იაირ ლაპიდი, რომელიც ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ზომების საკითხს.
ისრაელის ყოფილმა ელჩმა რუსეთში ზვი მაგენმა Israel Hayom-ს განუცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლებას რუსულ მხარეზე ზეწოლის არაერთი ვარიანტი აქვს, მათ შორის დასავლეთის სანქციებთან შეერთება.
მანამდე, 24 ივლისს, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ სააგენტოს დახურვა წარმოშობს საფრთხეს, რაც სავალალო გავლენას მოახდენს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებზე.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს.
28 ივლისს მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლო განიხილავს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საჩივარს ებრაული სააგენტო "სოჰნუტის" ლიკვიდაციის შესახებ.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ისრაელს წერილი გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააგენტო სისტემატურად არღვევს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ისრაელში იმიგრაციის კანდიდატები.
საერთაშორისო ორგანიზაცია "ებრაული სააგენტო ისრაელისთვის "სოჰნუტი" ეწევა მთელ მსოფლიოში ებრაელებს შორის ურთიერთობის უზრუნველყოფას, ასევე რეპატრიაციის საკითხებს.
სააგენტო დაარსდა 1929 წელს, "სოჰნუტის" წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში 1989 წლიდან ფუნქციონირებს.