ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი რუსეთის მიერ ებრაული სააგენტო "სუჰნუტის" ფილიალის შესაძლო დახურვას ეხმიანება.
ლაპიდის განცხადებით, სააგენტოს დახურვა წარმოშობს საფრთხეს, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებზე.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ "სუჰნუტის" დახურვასთან დაკავშირებით, 24 ივლისს საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
"პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ისრაელისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთში დიდი ებრაული დიასპორა ცხოვრობს. ეს საკითხები განიხილება მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტების დროს. ებრაული სააგენტოს დახურვა იქნება მთავარი მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
იაირ ლაპიდმა დაავალა სამართლებრივი დელეგაციას "მზად იყვნენ მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გასამგზავრებლად, როგორც კი რუსეთი ამის თანხმობას გასცემს".
"დელეგაციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა დიალოგისთვის. პრობლემა ასევე უნდა განიხილებოდეს მაღალ დიპლომატიურ დონეზე", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
28 ივლისს მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლო განიხილავს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საჩივარს ებრაული სააგენტო "სოჰნუტის" ლიკვიდაციის შესახებ.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ისრაელს წერილი გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააგენტო სისტემატურად არღვევს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ისრაელში იმიგრაციის კანდიდატები.
საერთაშორისო ორგანიზაცია "ებრაული სააგენტო ისრაელისთვის "სოჰნუტი" ეწევა მთელ მსოფლიოში ებრაელებს შორის ურთიერთობის უზრუნველყოფას, ასევე რეპატრიაციის საკითხებს.
სააგენტო დაარსდა 1929 წელს, "სოჰნუტის" წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში 1989 წლიდან ფუნქციონირებს.