ჯერ არ მომხდარა, რომ ქართული ოცნების მხრიდან აშშ-ის ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
"რაც შეეხება შეერთებული შტატების საელჩოსა და მის ელჩს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორია, თუმცა არ მომხდარა ჯერ რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო ქართული ოცნების მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები, რომელთა ლეგიტიმურობაში ყველანი დავრწმუნდით, განსაკუთრებით მას მერე რაც მოსამართლემ და კიდევ სხვა მოსამართლეებმა გაამახვილეს ამ საკითხზე ყურადღება და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. ეს არის არა თავდასხმა, არამედ ის ურთიერთობა, რომელიც მეგობრებს შორის არსებობს, მაგრამ არის კითხვები, რომლებზეც პასუხები უნდა ითქვას. პასუხები სიზუსტეს მოკლებულია", - თქვა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები". მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს.