შეფასება იმის თაობაზე, თითქოს ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს ხელისუფლება, სიცრუეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.
"რაც შეეხება შეფასებებს, მკვეთრი შეფასებები იყო გაკეთებული, როცა საუბარია ომზე, ოკუპაციაზე. არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დაგვეკლო. პრეზიდენტი თუ იმას გულისხმობს, რატომ არ ვიყენებთ უცენზურო სიტყვებს, ეს არ არის სწორი საუბარი. სხვა არაფერი დაეწუნება ქართული ხელისუფლების რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში. შეფასება იმის თაობაზე, თითქოს ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს ხელისუფლება, სიცრუეა.
როცა მეგობრებთან გვაქვს დისკუსია მეგობარ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები იყოს და ამ განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბება შეიძლება საჯარო სივრცეშიც გამოვიდეს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რიტორიკა ანტიდასავლურია. საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით ღირებულია დასავლეთთან და ევროპასთან ურთიერთობა, სადაც საკითხების უდიდეს უმრავლესობაზე ერთგვაროვანი ხედვაა. არის ცალკეული განსხვავებული, რაზეც დაუფარავად არის დისკუსია ამ თემებზე, რაც არ შეიძლება, ანტიდასავლურ რიტორიკად ჩაითვალოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.